logo
ENG



"ბიჭვინთისთვის" - მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა

29 ივლ 202220:39
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

"ბიჭვინთისთვის" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა, ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან.

აქციის მონაწილეები, რუსეთის მხრიდან მორიგ ანექსიასა და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების დუმილს აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს ღალატის ტოლფასია. მათ ბანერები ჰქონდათ წარწერებით: "ბიჭვინთა თქვენც უნდა გტკიოდეთ", "დუმილი დანაშაულია", "აფხაზეთი რუსეთი არაა" და ა.შ.

"რუსეთი აგრძელებს საქართველოს ანექსიას, სურს ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა მიითვისოს და დე ფაქტო მთავრობა ჩუქნის პუტინს ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკებს. ამ ფონზე ათი დღის განმავლობაში მთავრობისგან ერთი განცხადებაც არ მოგვისმენია", - განაცხადა აქციის მონაწილე, გიგა ბენიამ.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.

ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

ამ დრომდე თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს არცერთი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. ერთადერთი ვინც ოფიციალურად გამოეხმაურა ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

ამასთან, დღეს კითხვა დაუსვეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხის გარშემო "პოლიტიკოსებმა ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ".


close დახურვა